• თეატრი და ეტიკეტი

          • 24 იანვარს, 13 :00 საათზე საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზია, რუსთაველის თეატრის დირექტორს გია თევზაძეს და რუსთაველის თეატრის მსახიობს გოგა ბარბაქაძეს უმასპინძლებს.

            შეხვედრის თემაა : “ თეატრი და ეტიკეტი“

            #ზამთრის_სკოლა_გიმნაზიაში

          • რეპეტიცია 15.01.23.

          •  

            📣ქალაქური და ხალხური ფოლკლორული სიმღერის შემსწავლელ წრეზე მოზარდთა და ზრდასრულთა მიღება გრძელდება. 

             🎼გაკვეთილი ჩატარდება 21 იანვარს 14:00. 

            ✍️პრაქტიკული მეცადინეობის გარდა გუნდის წევრები გადიან თეორიულ კურსს და მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა მუსიკალურ პროექტებში, კონცერტებსა და ფესტივალებში.

            🎼პედაგოგი მერაბ მაისურაძე.

            🎙️ანსამბლ "ერისიონი"_ს მომღერალი.

            გისურვებთ წარმატებას !

            #ზამთრისკოლა

            #ყვარლის_გიმნაზია

          • ზამთრის სკოლა

          • 15 იანვარი

            #ზამთრის_სკოლის დღის წესრიგი:

            🏐12:00-16:00საათი -სპორტი (ფრენბურთი)

            🎙️ 14:00-15:30 საათი- მუსიკის წრე_ქალაქური და ხალხური ფოლკლორი.

            🎹პედაგოგი მერაბ მაისურაძე 

            ანსამბლ "ერისიონის" მომღერალი.

            🧶16:00-17:00 საათი გამოყენებითი ხელოვნება. (ხელნაკეთი ჩანთები,სამაჯურები,თოჯინები და სხვა აქსესუარები)

            🌿პედაგოგი_ მაიკო მჭედლიშვილი

          • გილოცავთ

          • 🇬🇪 14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა.

            🇬🇪 დროშაზე გამოსახული სწორკუთხა ჯვარი, კუთხეებში ოთხი მცირე ბოლნურ-კაცხური ჯვრით, ზოგადქრისტიანული სიმბოლოა, რომელიც მაცხოვარსა და ოთხ მახარობელს  

            განასახიერებს.

          • ✨გილოცავთ ახალ წელს

          • 🕊️და მე ვიგონებ ჩახლართულ ღობეს,სერებს თოვლიანს....ხმობდა ქათამი გურიის სოფელს,ყეფდა თოლია....იდგა ბერმუხა ღამისმთევარითოვლში ნაბდითა...დილით მისდევდა სერზე მწევარინაკვლევს ნადირთა....ქარი თვრებოდა ღვინით ნაქებითგრძნეულ მარანთან....შემოდიოდა ჩიჩილაკებითჩვენში კალანდა...ანა კალანდაძე1945 წ.

          • სიახლე

          • ცხადდება მოზარდთა და ზრდასრულთა მიღება ქალაქური და ხალხური ფოლკლორული სიმღერის შემსწავლელ წრეზე 

          • ✨საშობაო ეპისტოლე✨

          • ⛪ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

            ➡️ ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, 

            📖 „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13)

            დგება ჟამი გამოუთქმელი სიდიადისა!

            იშვება ქრისტე, ირღვევა სიბნელის საკვრელნი, „ჩრდილნი უკუმსვლელობენ და ჭეშმარიტება შემოდის სინათლის დასამკვიდრებლად“.

            როგორ შეხვდებით მას? გვექნება მონდომება და მზაობა იმისა, რომ ჩვენც ქრისტესთან ერთად თანავიშვათ, რათა თანაჯვარსვეცვათ, თანადავიფლათ, თანააღვდგეთ და მასთან ერთად ვიყოთ მარადიულად?

            ეს ურთულესი კითხვაა და მასზე სწორი პასუხის გაცემა ჩვენი ცხოვრების აზრის გაცნობიერების გარეშე შეუძლებელია.

            ფაქტია, ჩვენი მუდმივი ადგილი ამქვეყნად არ არის. ჩვენ ამ ყოფისთვის არა ვართ გაჩენილნი; უხრწნელად შევიქმენით და ამ მდგომარეობასავე უნდა დავუბრუნდეთ. ეს აუცილებლად მოხდება ჩვენი ამ ქვეყნიდან გასვლით, ოღონდ ჩვენი თავისუფალი ნებისა და ღვთის ნების თანხვედრაზეა დამოკიდებული, როგორი იქნება შემდგომი ჩვენი ხვედრი.

            ჩვენი ნება ხორციელდება ჩვენი სულით, გულით, გონებითა და სიტყვით ამიტომაც მათზე ზრუნვა განსაკუთრებულად გვმართებს.

            ჩვენი სულის ერთ-ერთი მთავარი გამოვლინებაა სინდისი.

            სინდისი ღვთის ხმაა. მას ვერ დაიმორჩილებ, შენი სურვილისამებრ ვერ განაწყობ, ბოლომდე ვერც აღმოფხვრი; პირიქით, თავის მყოფობას მაშინაც გვაგრძნობინებს, როდესაც ვცდილობთ, გავექცეთ, თუმცა ისეც ხდება, რომ მუდმივი უგულებელყოფით, მისი ხმა სუსტდება და აღარ გვესმის. არსებობს მდგომარეობაც, რასაც „დამწვარი სინდისი“ ჰქვია და ადამიანის უმძიმეს სულიერ ცხოვრებაზე მეტყველებს.

            ქრისტიანული რწმენა და მცნებები ჩვენში სინდისის ხმის სიძლიერისა და მართებულობის ყველაზე უტყუარი განმსაზღვრელია და ჩვენი სულის სწორად განვითარების შესაძლებლობაა, რადგან სინდისი ჩვენს ნებას ღვთის ნებასთან აკავშირებს.

            📖 „ვერავინ ვერ დადებს სხვა საძირკველს, გარდა უკვე დადებულისა, რომელიც არის იესო ქრისტე. ხოლო თუ ვინ რას აშენებს ამ საძირკველზე - ოქროს, ვერცხლს, ძვირფას ქვებს, შეშას, თივას, ჩალას, - თითოეულის საქმე გამომჟღავნდება ... ცეცხლით გამჟღავნდება და ცეცხლითვე გამოიცდება, ვინ რას აკეთებს (1 კორ. 3, 11-13).

            გული ცენტრია ჩვენი სიცოცხლისა, ჩვენი ცხოვრებისა; ღვთის შიში, გრძნობათა მთელი სამყარო და უფალთან ერთობის სურვილი მასში მყოფობს.

            გონება კი გვეხმარება შევიცნოთ გარესამყარო და დავძლიოთ ჩვენი დაცემული ბუნება. 

            ცოდვისგან ადამიანის გული, გონება და სული თავისუფლდება ლოცვით, მარხვით, მღვიძარებითა და განსაცდელებით; ამიტომაც არ უნდა შეგვეშინდეს პრობლემების. სიბრძნეც გვასწავლის: „კეთილდღეობა შეიძლება უბედურებაზე საშიში იყოს და უბედურება - კეთილდღეობაზე მეტად მაცხონებელი.“ 

            თუ სწორად ვცხოვრობთ, ღმერთი აუცილებლად დაგვეხმარება, მისი შეწევნა კი შეიძლება მოვიდეს იქ და მაშინ, რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდით.

                                           X X X X

            ადამიანი განსაკუთრებული არსებაა, რომელიც შექმნილია ღვთის ხატად და მსგავსად; საიდუმლოებით მოიცავს როგორც მაკრო, ისე მიკრო სამყაროს და შესაქმის გვირგვინად და მეფედ არის დადგენილი.

            მიუხედავად იმისა, რომ ცოდვით დაცემის შემდეგ ადამმა და მისმა შთამომავლობამ, საღვთო ღირსებებთან ერთად, უკეთურ ძალთა თვისებებიც შეიძინა და ბოროტის გავლენის ქვეშ მოექცა, შემოქმედმა მაინც არ მიგვატოვა; 

            კაცთა განსწავლა ათასწლეულთა მანძილზე ხდებოდა წინასწარმეტყველთა და მსაჯულთა მიერ, სიტყვითა და რჯულით, ასევე, ომებით, გამარჯვებებითა და დამარცხებებით... ბოლოს კი იუდას შტოში, იესეს მოდგმაში, დავითის სახლში, დაიბადა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, - საღვთო აღმშენებლობის მთელი ისტორიის თავის თავში მომცველი. 

            უფლის მოწყალებით მან მოიღო მადლი, - ეშვა შემოქმედი, რათა ადამიანის ბუნება განღმრთობილიყო და ჩვენი გონებისათვის მიუწვდომელი სასწაული აღსრულებულიყო.

            მოციქული ბრძანებს: „ამიერიდან აღარა ხართ მონა, არამედ შვილი, ხოლო თუკი ძე ხარ, მაშინ ქრისტეს მიერ ღმერთის მემკვიდრეც“ (გალ.4.7).  

            ასეთი განსაცვიფრებელი სიდიადის თანაზიარია ადამიანი; 

            ასეთი დიადია თითოეული თქვენგანი! 

            და თუ თქვენ ცხოვრობთ ქრისტიანულად სადიდებლად ღვთისა და მსახურებად მოყვასისა, არა აქვს მნიშვნელობა, მეცნიერი ხარ, პოლიტიკოსი, ექიმი, მშენებელი, გლეხი, სპორტსმენი, პედაგოგი, მძღოლი, ჯარისკაცი თუ სხვა, შენი საქმიანობა ღვთისმსახურებად შეგერაცხება და ეს იქნება შენი ოქრო, გუნდრუკი და მური უფლისთვის მირთმეული და გაიხარებ ორსავ სოფელსა შინა.

            განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სამართლიანობისა და ერთიანობისათვის ჩვენს ზრუნვას, რადგან გეოპოლიტიკურად რთული ადგილი გვიკავია და მრავალი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. „ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთ და ესრე აღასრულეთ რჯული იგი ქრისტესი“ (გალატ.6,2), - მოგვიწოდებს წმინდა წერილი.

                                           X X X X

            მოდის მაცხოვარი, რათა გაგვათავისუფლოს ურწმუნოებისაგან და ჩვენს უმნიშვნელოვანეს კითხვებს გასცეს პასუხი, უბოძოს კაცობრიობას ცათა სასუფევლის ცოდნა და სამართალი, ყველაფერს დაუბრუნოს მარადიულობა და იხსნას იგი სიკვდილისა და ხრწნილებისაგან, „რადგან კეთილ ინება მამამ, რომ მასში (ქრისტეში) დამკვიდრებულიყო მთელი სავსება და მისი საშუალებით შემოერიგებინა ყოველი“ (კოლას.1,19-20).

            ყველას და, პირველ რიგში, უკრაინის ომის მძიმე შედეგებით დათრგუნულ და დაზარალებულ ბავშვებს, საერთოდ ნებისმიერ მოზარდს მინდა, მივულოცო ქრისტესშობის დიდებული ზეიმი; მივულოცო იგი ყველა ტვირთმძიმესა და მაშვრალს, რადგან ეს დღესასწაული აღმატებულია ნებისმიერ განსაცდელზე, ჰმეტობს თითოეული ჩვენგანის ტკივილს და იმედით გვავსებს.

            ჩემო სულიერო შვილებო, საქართველოს მკვიდრნო და უცხოეთში მყოფნო თანამემამულენო, სულიერად წარვემართოთ ბეთლემისაკენ, რათა მწყემსებთან ერთად ვადიდოთ ყრმა იესო, მოგვებთან ერთად შევწიროთ ძღვენი,- ოქრო, გუნდრუკი და მური და ანგელოზებთან ერთად ვუგალობოთ: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება.“

            ღმერთმა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დალოცოს საქართველო!

            ინებოს უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, ჩვენზეც აღსრულდეს წმინდა დავით მეფის სიტყვები:

            „ნეტარ არს ხალხი, ვისთვისაც ღმერთი არის უფალი, ხალხი, - მისდა სამკვიდროდ გამორჩეული“ (ფსალ. 32.12).

            თქვენთვის მლოცველი,

            ⛪ ილია II

            სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

            ➡️ თბილისი, შობა ქრისტესი, 2023 წელი

          • ✨საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზია გილოცავთ ქრისტეშობის დღესასწაულს.

          •  

            🕊️ "... ყოვლადმოწყალე ღმერთი იშვა დღეს და ამას სამართლიანად ჰხარობს და დღესასწაულობს მთელი ქრისტიანობა.

            მას აქეთია აღსდგა ქვეყანა ახალის აღთქმისა, ახალი ცხოვრებისათვის. 

            მას აქეთ შეაფარა კაცმა თავი თვისი ღმერთსა სიყვარულისას, მშვიდობისას, მოწყალებისას და შენდობისას. 

            განახლდა კაცი და დღეს განახლებულს კაცს ძალუძს სასოებით სთქვას: 

            „შენ ხელახლად შემქმენ მე, ქრისტე-ღმერთო, და დამდევ ჩემზედა ხელი შენი…"

            წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)

          • შობისმახარებლები

          • 🌲ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ყვარელში 7 იანვარს, 12:00 საათზე ტრადიციულად საზეიმო მსვლელობა - ალილო გაიმართება.

            #ერთად_ვახაროთ_შობა

            "ვიმხნეოთ ერთად-ერთის გულით, ერთის სულით, ერთმანეთის ნდობით. ვინც მხნეა, ის ძლიერია. მაშ „მხნე იყავ და განძლიერდი“ ."

                                                                                                 #ილია_ჭავჭავაძე

            🌲შეკრების ადგილი ბოგირის მიმდებარე ტერიტორია. 

            სადღესასწაულო მსვლელობა რომელშიც სასულიერო და საერო პირები მონაწილეობენ წმინდა ილია მართლის ( ჭავჭავაძის) მონუმენტთან დასრულდება.

            🌲 მოსახლეობის მიერ „ალილოსთვის“ გაღებული შემოწირულობა სოციალურად დაუცველ და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს გადაეცემათ.

          • გილოცავთ

          • ⛪ სიყვარულით ვულოცავთ უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლისკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ს 90 წლის იუბილეს. 

            ⛪ მეუფე სერგის ინიციატივამ ყვარელში დაარსებულიყო გიმნაზია, მისი უწმინდესობა გაახარა და 1999 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია l l- ის ლოცვაკურთხევით საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზია დაფუძნდა.

            🕊️ მას მერე ორ ათეულ წელზე მეტი გავიდა, რაც გიმნაზიაში მოსწავლეთა სულიერ, ინტელექტუალურ განვითარებასა და მათთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის ხელშეწყობისთვის ყოველდღიურად ზრუნავენ.

            🌿 ამ დროის მანძილზე მრავალი სიხარული განვიცადეთ. იყო განსაცდელები, მწუხარება და წარმატებები რაც ერთსულოვნად განვიცადეთ.

            სწორედ ამ ღირებულებების, აკადემიური ცოდნის და სულიერი ზრდის საფუძველზე (რის შესაძლებლობებსაც ყვარლის გიმნაზია იძლევა)

            როგორც საერო, ასევე სასულიერო ცხოვრებაში , ღვთის სათნო საქმიანობით არა ერთხელ ასახელეს 

              მოსწავლეებმა, კურსდამთავრებულებმა, პედაგოგებმა და თანამშრომლება გიმნაზია, საკუთარი

             ოჯახი , ქალაქი და ქვეყანა. 

            გულწრფელად გვახარებს ის ფაქტი,რომ გიმნაზიის მაგალითი ერთ-ერთი კეთილი ნაყოფია მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით დაწყებული მრავალი მადლმოსილი საქმისა. 

            🌿 ჯანმრთელობას და დღეგრძელობას ვუსურვებთ კეთილი და ღვთის სათნო საქმეების მაკურთხეველს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელს! 

            🌿 მრავალჟამიერ თქვენი სიცოცხლე, მრავალჟამიერ!

            ✨მადლიერებით და პატივისცემით,

            საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზია.

          • ლაგოდეხი

          • საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა, მადლიერების ნიშნად ლაგოდეხში, ყაზანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარი მოილოცეს და გიმნაზიის დამაარსებლის ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის სულის მოსახსენებელი ლოცვა აღავლინეს.

          • შობა-ახალიწლის ღონისძიება გიმნაზიაში

          • ამონარიდი მეუფე სერგის ქადაგებიდან

            ➡️სრული ვერსია : #ქრისტეშობა

            დიდხანს ელოდა ადამიანი მაცხოვრის გამოჩენას. ელოდა იმ დღიდან, როცა სამოთხიდან განდევნილებს იმედად გამოაყოლათ ღმერთმა:

            - მოგივლენთო მხსნელს და გაუსრესსო გველს თავს.

            მშობლიურ გარემოს მოცილებულნი სევდითა და სასოებით ელოდნენ. მაგრამ ცოდვებით დღითი-დღე დამძიმებულნი სულ უფრო და უფრო ეშვებოდნენ ქვესკნელისკენ.

            ისევ შემოქმედმა შეაშველა ხელი. წაღმა შემოატრიალა ეშმაკის მიერ უკუღმა დატრიალებული ცხოვრების ჩარხი და იწყო ათვლა ახალმა წელთაღრიცხვამ მიწიდან ცისკენ. და დაედო ამ წელთაღრიცხვას საძირკვლად ქრისტეს შობა.

            ჩუმად თავისთვის ამობრწყინდა ცაზე უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავი. მაგრამ ვისთვისაც ამობრწყინდა, ვერ გულისხმაჰყვეს. არც აუწევიათ თავი ცისკენ. იყვნენ ამქვეყნიურ ორომტრიალში ჩაფლულნი. შორს აღმოსავლეთში კი მოგვებმა მაშინვე შეამჩნიეს იგი და ისწრაფეს კიდეც მისკენ.

            გარშემო კი დუღდა და ჩქეფდა ცხოვრება. დიდებულ პალატებში, სრა-სასახლეებში რბილ, ფაფულ ხალიჩებზე დააბიჯებდნენ ამა ქვეყნის მესვეურნი. ის კი, მაცხოვარი, განხორციელებული სიტყვა, იესო ქრისტე, უფალი ჩვენი ჩვეულებრივი ჩვილი ბავშვივით იწვა ცხოველთათვის განკუთვნილ ბაგაში და ადამიანებს შობისთანავე უმხელდა უდიდეს საიდუმლოს: სიმდაბლეშიაო ადამიანის დიდება. ამქვეყნიური ყოფა და ფუფუნება კი არ განსაზღვრავსო ადამიანის პიროვნებას, არამედ ის, რაც მის შიგნითაა, მისი შინაგანი სამყაროთი წარმოჩინდებაო იგი. ასე ასწავლიდა მორჩილებითა და თავმდაბლობით გადარჩებაო ადამიანი. ამ სიბრძნისგან კი შორს იდგნენ ადამიანები. ამიტომაც იყო ერთი, უბრალო, ღარიბული ქოხიც კი არ აღმოჩნდა, რომ შეეფარებინა უფალი, უფალი, რომლის შობასაც ასე უგალობეს ანგელოზებმა:

            - დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება.

            და იშვა იესო, ბეთლემს, გამოქვაბულში, სადაც უამინდობისას მწყემსები საქონელს აფარებდნენ.

            „ქალწული შობს დღეს მაცხოვარს“ - გალობს წმიდა ეკლესია და ურწმუნოთათვის ალბათ დაცინვის საბაბიც ხდება ეს:

            - როგორ დღეს?! განა ორი ათასი წლის წინ არ იშვა?!

            საერთოდ საეკლესიო დღესასწაულები საეროსგან სწორედ იმით განსხვავდება, რომ ისინი ყოველწლიურად ისეთივე სიკაშკაშით გამოირჩევიან, როგორც პირველშობისას. სულ სხვაა საერო დღესასწაულები. რამდენი ღირსშესანიშნავი თარიღი შემოუნახავს კაცობრიობის ისტორიას, დროთა მსვლელობაში რომ გაფერმკრთალებულან, ფერი უცვლიათ. საეკლესიო დღესასწაულთა განცდა კი მორწმუნეთა გულებში კვლავ ინარჩუნებს პირვანდელ ბრწყინვალებას.

            ახლა ალბათ ბევრი იმასაც იტყვის ამ გასაჭირის ჟამს რა დროს დღესასწაულია, როგორღა შეუძლია ამ მძიმე და დუხჭირ დროს ადამიანს სიხარული განიცადოსო. მაგრამ სწორედ ამაშია საქმე! ჩვენ გვავიწყდება, რომ ყველაზე დიდი ცოდვა სწორედ სასოწარკვეთაა. როცა ადამიანს სასო წარეკვეთება, ღმერთი ავიწყდება. ასე დაემართა პეტრეს, როცა უფლისაკენ მიმავალი ისე დააფრთხო ტალღებმა, დაავიწყდა ღმერთი და იწყო კიდეც ჩაძირვა. მაგრამ როგორც კი გაახსენდა იგი და ხელი გაიწოდა მისკენ, ღმერთმაც არ დააყოვნა ხელის შეშველება. სამაგიეროდ სასოწარკვეთილმა იუდამ თვითმკვლელობით დაამთავრა ცხოვრება და არ ითხოვა ღვთისაგან შენდობა.

            განვაგდოთ ჩვენგან სასოწარკვეთა. მოვიცილოთ იგი. განვიწმინდოთ ამ ცოდვისაგან გული და შევეგებოთ ქრისტეს, იმას, ვისი პირველი თაყვანისმცემლების უბრალო მწყემსები იყვნენ, მწყემსები, რომლებიც გამოირჩეოდნენ თავიანთი სუფთა და წრფელი გულით.

            წელსაც მოაწია ქრისტეს შობამ. მწყემსების მსგავსად ვისწრაფოთ მისკენ. უარვყოთ ჰეროდესეული მტრობა მისდამი. მერე რა რომ ცოდვებით დამძიმებულნი ვართ, შებილწულნი. განა ცხოველთა ბაგა იუკადრისა ღმერთმა?! ნუ შევშინდებით. იმედი ვიქონიოთ. ღმერთი არ გაგვწირავს. შემოვუშვათ ჩვენს გულში ქრისტე და იგი განგვიწმენდს გონებას, გაგვიხსნის ყურთასმენას და კვლავ გავიგონებთ ანგელოსთა გალობას: დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. ამინ!

            ყველას გილოცავთ ქრისტეს შობას!

            ახალციხე, 1995 წელი, იანვარი

          • 🔸2022წლის 27 დეკემბერს ნეკრესელი მიტრიპოლიტი სერგის ეპისკოპოსად კურთხევიდან 30 წელი შესრულდა.

          • 🔸 1992 წლის 21 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა არქიმანდრიტი სერგი ახალციხისა და სამცხე-ჯავახეთის ეპისკოპოსად გამოირჩია.

            🔸 მისი ეპისკოპოსად ხელდასხმა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში მოხდა 

            🔸 "არქიმანდრიტმა სერგიმ ასე დაიწყო თავისი სიტყვა:

            “თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, წმიდა სინოდის წევრნო მღვდელმთავარნო, მამანო, ძმანო და დანო.

            დღევანდელი დღე ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებულია და ჩემი განწყობილების გადმოცემა გამიჭირდება, მაგრამ ღმერთი, რომლის შემწეობამაც აქამდე მომიყვანა, ალბათ იმის ძალასაც მომცემს, რომ ნაწილობრივ მაინც გადმოგცეთ და გაგიზიაროთ ის, რასაც განვიცდი.

             

            თქვენო უწმიდესობავ, ჩემი ცხოვრების ამ მეტად საპასუხისმგებლო წუთებში მინდა გავიხსენო ჩემი პირველი შეხვედრა თქვენთან. 

             

            თქვენ წასასვლელად ემზადებოდით და ჩემს მისაღებად დრო არ გქონდათ, მაგრამ წასვლა გადაიფიქრეთ და მიმიღეთ. ამ შეხვედრისას თქვენ მითხარით, ღმერთს ძალიან უყვარხართო.

             

             მაშინ, მართალი გითხრათ, თქვენი სიტყვების აზრს ვერ ჩავწვდი და უფრო ამპარტავნებით მივიღე, ვიდრე მადლიერებითა და სიხარულით, მაგრამ შემდეგ, როცა სხვა თვალით შევხედე ცხოვრებას, ყოველდღიურად ვგრძნობდი და ვგრძნობ უფლის იმ ზღვარდაუდებელ სიყვარულს და წყალობას, რომლითაც იგი, მწყემსი კეთილი, ჩვენ, მისთა ცხოვართა, გვმწყემსავს.

             

            მინდა ერთი ჩემი საიდუმლოება გაგანდოთ. 

            ამ სიყვარულის შეგრძნებამ გამხადა ქრისტიანი და უფრო მეტიც, აღმიძრა სურვილი – სიყვარულითვე მეპასუხა, ხოლო როცა ვიგრძენი, რომ მე უღირსი ვერაფრით ვპასუხობდი უფლის სიყვარულს, გადავწყვიტე ჩემი ამქვეყნიური ცხოვრება და გრძნობები მისთვის შემეწირა.

             

            ღმერთს ვთხოვ, ამ ძნელ დროს მადლიერების ისეთი გრძნობა მომცეს, რომ სიცოცხლის ბოლომდე სიხარულითა და მოწიწებით მამსახუროს მისი სახელის სადიდებლად.

             

            ჩემი ცხოვრების გზაზე მრავალი განსაცდელი შემხვედრია, მაგრამ როცა კი მოთმინებითა და მორჩილებით მიმიღია, გაღებული მცირე მსხვერპლის სანაცვლოდ უფლისაგან ყოველთვის ათასჯერ მეტი სიხარული მომნიჭებია.

             

            მწამს, რომ ასევე იქნება ჩვენი ერის ცხოვრებაშიც, დღეს ყოველ ჩვენგანს ცხოვრება გვიხდება მძიმე განსაცდელის ჟამს, რომელიც თავს საკუთარი ცოდვებით დავიტეხეთ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ღვთის სახიერება უსაზღვროა და რომ მისთვის შეუძლებელი არაფერია “და რა ითხოვოთ სახელითა ჩემითა, იგი ვყო, რათა იდიდოს მამაჲ ძისა თანა” (იოანე 14,13) ამიტომ თუ ჩვენი სათხოვარი გულწრფელი იქნება და ჩვენი მსახურება თავდადებული, ღმერთი ჩვენსას აუცილებლად შეისმენს და სამაგიეროსაც უხვად მოგვაგებს.

             ამ მძიმე ჟამმა, რომელიც უფალმა დასასჯელად კი არა, გამოსაცდელად გამოგვიგზავნა, უნდა გამოგვწრთოს და განგვსწავლოს: “განგუსწავლენ ჩუენ, უფალო, გარნა სამართალითა და ნუ რისხვითა და გულისწყრომითა” (იერემია 10,24); ამ განსაცდელმა ჩვენს ერს მრავალი წლის მანძილზე დავიწყებული და უგულებელყოფილი უფალი და მისი მცნებები უნდა გაახსენოს, რადგან სწავლაჲ უფლისაჲ განაღებს ყურთა ჩემთა” (ესაია 50,5) ამიტომ თუ ჩვენ მას ღირსეულად ვიტვირთებთ და გავუძლებთ, ცოდვებისაგან განწმენდილნი დავით წინასწარმეტყველთან ერთად გავიმეორებთ: “კეთილ არს ჩემდა, რამეთუ დამამდაბლე მე” (ფსალმ. 118,17) 

            და რაც დაკარგული გვეგონა, ღვთისაგან ათმაგად დაგვიბრუნდება: “რომელი იგი მას ჟამსა არა ჩანს სიხარულისა მიზეზად, ხოლო უკანასკნელ ნაყოფსა მშვიდობისასა მისცემს მის მიერ გამოცდილთა მათ ცხოვრებად მათდა” (ებრ. 12,11).

             

            დიდია ღვთის განგება და ძალა, რომელმაც, თქვენო უწმიდესობავ, თქვენი წმიდა ლოცვებით გამომირჩია და სამცხე-ჯავახეთის უძველესი ეპარქიის მღვდელმთავრად დამადგინა. მე კარგად მესმის, რაოდენ დიდი პატივია ჩემთვის ვიწოდებოდე მღვდელ¬მთავრად იმ მხარისა, რომლის სახელიც ასე განაბრწყინეს იქ მოღვაწე წმინდა მამებმა; 

             

            მესმის ის პასუხისმგებლობა, რომელიც მე ღვთის, ერის და პირადად, თქვენო უწმიდესობავ, თქვენს წინაშე მაკისრია, მაგრამ ისევ და ისევ იმედი მაქვს ღვთის სახიერებისა, თქვენი წმიდა ლოცვებისა და ჩემი ხალხისა, რომელიც ისევე როგორც საფარის მონასტერში მოღვაწეობისას, ახლაც გვერდით ამომიდგება და მძიმე ტვირთის ტარებაში შემეშველება.

             

            თქვენი მამობრივი მზრუნველობით გარემოცული, მე ისეთი სიხარულით მივდივარ ახალციხეში, როგორც საკუთარ ოჯახში, რადგანაც მჯერა, რომ ქრისტიანობის უდიდესი ძალა სწორედ იმ სიყვარულშია, რომლითაც იგი ადამიანებს ღვთისა და ერთმანეთის სამსახურისათვის აერთიანებს. 

            მე მჯერა ისიც, თქვენო უწმიდესობავ, რომ ღვთის წყალობითა და თქვენი მესაჭეობით ერთსულოვნებით განმტკიცებული ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ქართველი ერის გაერთიანებასაც შეძლებს და მას ღვთისაკენ მიმავალ გზაზე დააყენებს.” (61, 1992, 12).

             

            #უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ დალოცა #მეუფე სერგი.

             

            “სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა.

            ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, თქვენო ყოვლადუსამღვდელესოებავ, მეუფე სერგი, ქრისტესმოყვარენო მღვდელნო, ბერნო და მონაზონნო, დანო და ძმანო.

             

            დიდ არს უფალი და საკვირველ არს განგება და საქმენი მისნი. ადამიანის გონება ვერ მიწვდება მის განგებასა და წყალობას. დღეს აღსრულდა ის, რაზეც ორასი წლის მანძილზე ოცნებობდნენ ჩვენი წინაპრები, – ერის საუკეთესო მოღვაწენი და კათოლიკოს-პატრიარქები, 

            ამ ორასი წლის მანძილზე საქართველოს დღეს პირველად ჰყავს სრულად მღვდელმთავართა დასი, რაც იმას ნიშნავს, რომ არცერთი ეპარქია არაა დარჩენილი მღვდელმთავრის გარეშე.

             

            დღევანდელი წირვა, გარდახდილი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, ნამდვილად ისტორიულია, რადგან დღეს აღსრულდა ის, რაც 21 დეკემბერს განაჩინა წმიდა სინოდმა და კურთხევითა ახალციხისა და სამცხე-ჯავახეთის ეპისკოპოსის სერგისა შეივსო სია ქართული ეკლესიის მღვდელმთავრებისა. 

             

            ეს არ არის უბრალო დამთხვევა, იგი ნიშანია ღვთის დიდი წყალობისა და მაჩვენებელი იმისა, რომ ერთადერთი გზა, რომელსაც გადარჩენისაკენ მივყავართ, ქრისტეს გზაა.

            საოცარია და რთული მე-20 საუკუნე, რადგანაც იგი აღსავსეა წინააღმდეგობებითა და მოულოდნელი მოვლენებით. 

            ჩვენ ისეთი მოვლენების მოწმენი გავხდით, რომელთაც ვერც კი წარმოვიდგენდით. საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა და ეს ოცნება ღვთის მადლით აგვიხდა, მაგრამ უფალმა ისიც გვაჩვენა, რომ თუ ქართველობა სულიერად არ ამაღლდა და ფერი არ იცვალა, გამოცხადებული დამოუკიდებლობა ცარიელ სიტყვადღა დარჩება. ჭეშმარიტ თავისუფლებას ის მოიპოვებს, ვინც თავისი თავის უფალი გახდება, ანუ საკუთარი ვნებების დამორჩილებით თავს დააღწევს ცოდვის ტყვეობას. ამიტომ ერის თავისუფლების პროცესი ყოველი ადამიანის განთავისუფლებით უნდა დაიწყოს. დღეს კი თავისუფლება აქვს ყველას და ყველაფერი შეუძლია: ძარცვა, ძალადობა, მკვლელობა. დღეს ქართველისათვის აღარაფერი დარჩა წმიდა და ხელშეუხებელი. იგი შეურაცხყოფს მღვდლებს, პატრიარქს და ეკლესიასაც კი. ეს ეშმაკის ტყვეობას ნიშნავს. თავისუფალი ისაა, ვინც ამ ბოროტ ძალას თავს დააღწევს და თავის გულსა და ვნებებს დაეპატრონება. ადამიანს ნამდვილად სჭირდება ვნებათა მომთოკავი სულიერი ძალა, სჭირდება მადლი ღვთისა – უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი უძლურნი ვართ და ყველას გვაქვს ნაკლი, მაგრამ რწმენაც უნდა გვქონდეს, რომ ეს ნაკლი განვიცადოთ. ამიტომაც ევედრება ღმერთს დიდი მოძღვარი ეფრემ ასური: მომანიჭე მე განცდაY თვისთა ცოდვათა.

             კაცი ცოდვებითა და უწესობით კი არ უნდა ამაყობდეს, არამედ ღმერთს უნდა სთხოვდეს განკურნებას და მხოლოდ ამ შემთხვევაში მოვა მასთან ყოველთა მკურნალი, საკუთარ ცოდვებზე თვალახელილი კაცი, სხვის გასაჭირსაც ადვილად დაინახავს და მოყვასისა და ღვთისაკენ სწრაფვით სულიერ ჯვარს შექმნის, რომლის გარეშეც ვერ მივა უფალთან და ვერ გახდება მკვიდრი სასუფევლისა. ამ სულიერი ჯვრის შესაქმნელადაა მოწოდებული ყოველი ადამიანი და მით უმეტეს მღვდელმთავარი.

             

            თქვენი ყოვლადუსამღვდელოესობავ მეუფე სერგი, დღეს უხვად გადმოვიდა თქვენზე მადლი სულისა წმიდისა, 

            დღეს თქვენ ხელი დაგადოთ არა მხოლოდ მღვდელმთავრებმა და მე, ცოდვილმა კათოლიკოს-პატრიარქმა, არამედ ზეციური საქართველოს მკვიდრმა მღვდელმთავრებმაც და პატრიარქებმაც, რომელთაც უხვად მოიწვიეს თქვენზე მადლი.

             ეცადეთ არ დაკარგოთ ეს მადლი, არამედ პირიქით, მიუმატოთ, ხოლო მოგემატებათ იმ შემთხვევაში, თუ ლოცვასა, მარხვასა და მოღვაწეობას გააძლიერებთ.

             

             ამასთანავე, გახსოვდეთ, რომ მადლი პირველ რიგში თავმდაბლებსა და მორჩილებს ეძლევათ. ამას ჩემი გამოცდილებიდანაც გეუბნებით, – ერთადერთი გზა, მიმავალი უფლისაკენ, თავმდაბლობა და მორჩილებაა. 

             

            თქვენი მოღვაწეობის გზაზე ბევრი გეყოლებათ ხოტბის შემსხმელიცა და შეურაცხმყოფელიც, მაგრამ ამას ნუ შეუშინდებით.

             

             როცა ქებას დაგიწყებენ, ეცადეთ, ამპარტავნება არ დაგეუფლოთ, ხოლო შეურაცხყოფამ სასოწარკვეთილებასა და მწუხარებაში არ ჩაგაგდოთ. ერთმა მორჩილმა მოძღვარს ჰკითხა, როგორ მოვიქცე, როცა მაქებენ და მაძაგებენო, მოძღვარმა ურჩია, წასულიყო სასაფლაოზე, ჯერ ექო და შემდეგ, ელანძღა მკვდრები. ასეც მოიქცა, როცა უკან დაბრუნდა, მოძღვარმა ჰკითხა: რა გითხრეს მიცვალებულთა, როცა აქებდიო, – არაფერიო, – უპასუხა მორჩილმა, როცა ლანძღავდიო? – ისევ არაფერიო. შენც ასე მოიქეცი და ცხონდებიო. თქვენც ასე მოიქეცით, მეუფეო სერგი და თავმდაბლობა გამოიჩინეთ არა მხოლოდ კათოლიკოს-პატრიარქისა და უფროსი მღვდელმთავრების წინაშე, არამედ თვით ყველაზე დიდი ცოდვილის წინაშეც კი. აი, ეს იქნება ჭეშმარიტი თავმდაბლობა, რომელიც გარეგნული ქცევის ნორმას კი არა, შინაგან სათნოებას წარმოადგენს.

             

            თქვენ იმ ეპარქიაში მიდიხართ მღვდელმთავრად, რომელმაც თქვენ, როგორც მოძღვარი, უკვე გაგიცნოთ და შეგიყვარათ საფარის მონასტერში მოღვაწეობის მანძილზე. ამ სიყვარულის დადასტურებაა ის, რომ დღეს აქ, სვეტიცხოველში გამართულ ისტორიულ წირვას, ბევრი მათგანი ესწრება. თქვენ მიდიხართ საქართველოს დიდებულ მხარეში, სადაც ოდესღაც ჰყვაოდა მაღალი სულიერი კულტურა. 

             

            დღეს ამ მხარეს უჭირს, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი დიდი წინაპრების ლოცვითა და შუამდგომლობით სამცხე-ჯავახეთს კვლავ დაუბრუნდება ძველი დიდება, იგი ხელახლა მოშენდება და მოძლავრდება. აი, ამ საშვილიშვილო საქმეში უნდა გამოჩნდეს, უპირველეს ყოვლისა, მღვდელმთავრის როლი, თქვენ უნდა იზრუნოთ ამისათვის. ჩვენ ისეთ დროში ვცხოვრობთ, როცა ეკლესიის მსახური თვითონ უნდა მივიდეს ხალხთან. თქვენ სრული წარმოდგენა უნდა გქონდეთ თქვენი ეპარქიის ყველა სოფელსა და ყველა ოჯახზე; უნდა იცოდეთ, ვინ რას აკეთებს, ვის რა უჭირს, ვინაა დაცემული და გზასაცდენილი.

            მე იმედი მაქვს, რომ სამცხე-ჯავახეთის ყველა სოფელში ამოქმედდება ეკლესია, კვლავ გაბრწყინდებიან ვარძიის, ზედა ვარძიისა და საფარისა და სხვა მონასტრები ბერ-მონაზონთა თავდადებული მოღვაწეობით.

            ღმერთი იყოს თქვენი მფარველი.

            ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.

            გეწეოდეთ წმიდათა მართალთა მამათა, რომელთა მოსახსენებელიცაა დღეს, და დიდთა წინაპართა ლოცვა. ამინ.” (61, 1992, 12).

          • საშობაო საჩუქრები

          • გიმნაზიაში მორიგი შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა,რომლის დასრულების შემდეგ მოსწავლეები ტკბილეულით დასაჩუქრდნენ.

            26/12/2022

          • გილოცავთ

          • ძვირფასო თანამშრომლებო, მასწავლებლებო, მოსწავლეებო, მშობლებო და გულშემატკივრებო

            ✨გილოცავთ! 

             ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 26 დეკემბრის სხდომაზე, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა.

            🕊️აღსანიშნავია, რომ გიმნაზიამ აღნიშნული პროცესი დაარსების დღიდან მესამედ წარმატებით გაიარა.

          • დღეს, 22 დეკემბერს ალექსანდრე ყაზბეგის გარდაცვალების 129 წელი შესრულდა.

          • მწერალი ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგი 1848 წლის 20 იანვარს სტეფანწმინდაში დაიბადა.

             

            მწერალი სტეფანწმინდაში აღიზარდა, ხევის მმართველის მიხეილ გაბრიელის ძე ჩოფიკაშვილისა და ელისაბედ თარხნიშვილის ოჯახში. მშობლებმა თბილისში ჯერ ჰაკეს (1859), შემდეგ კანონიჩის (1862) პანსიონს მიაბარეს. 1863 წლიდან სწავლობდა კლასიკურ გიმნაზიაში, 1867-1870 წ.წ. - მოსკოვის სამეურნეო აკადემიაში. სამშობლოში დაბრუნებულმა ხელი მიჰყო მწყემსობას, რამაც მისი ახლობლების დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. 1879 წლამდე მეცხვარედ იყო და ზედმიწევნით გაეცნო მოხევეთა ყოფას, გლეხი ხალხის სატკივარს, მეფის ხელისუფალთა და ხალხის ურთიერთობას. 1879 წელს თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. ამ დროიდან იწყებს აქტიურ მოღვაწეობას ქართულ მწერლობასა და თეატრში.

            ალ. ყაზბეგის ლიტერატურული ფსევდონიმი იყო „მოჩხუბარიძე" („აკაკია მოჩხუბარიძე"), თეატრალური - „მოხევე".

        • ასევე შეამოწმეთ EduPage მობილური აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია Android და iOS მოწყობილობებისთვის. მიიღეთ ყველა ინფორმაცია ჩვენი სკოლიდან პირდაპირ თქვენს მობილურზე.