სიახლეები

          • ლაგოდეხი

          • საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა, მადლიერების ნიშნად ლაგოდეხში, ყაზანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარი მოილოცეს და გიმნაზიის დამაარსებლის ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის სულის მოსახსენებელი ლოცვა აღავლინეს.

          • შობა-ახალიწლის ღონისძიება გიმნაზიაში

          • ამონარიდი მეუფე სერგის ქადაგებიდან

            ➡️სრული ვერსია : #ქრისტეშობა

            დიდხანს ელოდა ადამიანი მაცხოვრის გამოჩენას. ელოდა იმ დღიდან, როცა სამოთხიდან განდევნილებს იმედად გამოაყოლათ ღმერთმა:

            - მოგივლენთო მხსნელს და გაუსრესსო გველს თავს.

            მშობლიურ გარემოს მოცილებულნი სევდითა და სასოებით ელოდნენ. მაგრამ ცოდვებით დღითი-დღე დამძიმებულნი სულ უფრო და უფრო ეშვებოდნენ ქვესკნელისკენ.

            ისევ შემოქმედმა შეაშველა ხელი. წაღმა შემოატრიალა ეშმაკის მიერ უკუღმა დატრიალებული ცხოვრების ჩარხი და იწყო ათვლა ახალმა წელთაღრიცხვამ მიწიდან ცისკენ. და დაედო ამ წელთაღრიცხვას საძირკვლად ქრისტეს შობა.

            ჩუმად თავისთვის ამობრწყინდა ცაზე უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავი. მაგრამ ვისთვისაც ამობრწყინდა, ვერ გულისხმაჰყვეს. არც აუწევიათ თავი ცისკენ. იყვნენ ამქვეყნიურ ორომტრიალში ჩაფლულნი. შორს აღმოსავლეთში კი მოგვებმა მაშინვე შეამჩნიეს იგი და ისწრაფეს კიდეც მისკენ.

            გარშემო კი დუღდა და ჩქეფდა ცხოვრება. დიდებულ პალატებში, სრა-სასახლეებში რბილ, ფაფულ ხალიჩებზე დააბიჯებდნენ ამა ქვეყნის მესვეურნი. ის კი, მაცხოვარი, განხორციელებული სიტყვა, იესო ქრისტე, უფალი ჩვენი ჩვეულებრივი ჩვილი ბავშვივით იწვა ცხოველთათვის განკუთვნილ ბაგაში და ადამიანებს შობისთანავე უმხელდა უდიდეს საიდუმლოს: სიმდაბლეშიაო ადამიანის დიდება. ამქვეყნიური ყოფა და ფუფუნება კი არ განსაზღვრავსო ადამიანის პიროვნებას, არამედ ის, რაც მის შიგნითაა, მისი შინაგანი სამყაროთი წარმოჩინდებაო იგი. ასე ასწავლიდა მორჩილებითა და თავმდაბლობით გადარჩებაო ადამიანი. ამ სიბრძნისგან კი შორს იდგნენ ადამიანები. ამიტომაც იყო ერთი, უბრალო, ღარიბული ქოხიც კი არ აღმოჩნდა, რომ შეეფარებინა უფალი, უფალი, რომლის შობასაც ასე უგალობეს ანგელოზებმა:

            - დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება.

            და იშვა იესო, ბეთლემს, გამოქვაბულში, სადაც უამინდობისას მწყემსები საქონელს აფარებდნენ.

            „ქალწული შობს დღეს მაცხოვარს“ - გალობს წმიდა ეკლესია და ურწმუნოთათვის ალბათ დაცინვის საბაბიც ხდება ეს:

            - როგორ დღეს?! განა ორი ათასი წლის წინ არ იშვა?!

            საერთოდ საეკლესიო დღესასწაულები საეროსგან სწორედ იმით განსხვავდება, რომ ისინი ყოველწლიურად ისეთივე სიკაშკაშით გამოირჩევიან, როგორც პირველშობისას. სულ სხვაა საერო დღესასწაულები. რამდენი ღირსშესანიშნავი თარიღი შემოუნახავს კაცობრიობის ისტორიას, დროთა მსვლელობაში რომ გაფერმკრთალებულან, ფერი უცვლიათ. საეკლესიო დღესასწაულთა განცდა კი მორწმუნეთა გულებში კვლავ ინარჩუნებს პირვანდელ ბრწყინვალებას.

            ახლა ალბათ ბევრი იმასაც იტყვის ამ გასაჭირის ჟამს რა დროს დღესასწაულია, როგორღა შეუძლია ამ მძიმე და დუხჭირ დროს ადამიანს სიხარული განიცადოსო. მაგრამ სწორედ ამაშია საქმე! ჩვენ გვავიწყდება, რომ ყველაზე დიდი ცოდვა სწორედ სასოწარკვეთაა. როცა ადამიანს სასო წარეკვეთება, ღმერთი ავიწყდება. ასე დაემართა პეტრეს, როცა უფლისაკენ მიმავალი ისე დააფრთხო ტალღებმა, დაავიწყდა ღმერთი და იწყო კიდეც ჩაძირვა. მაგრამ როგორც კი გაახსენდა იგი და ხელი გაიწოდა მისკენ, ღმერთმაც არ დააყოვნა ხელის შეშველება. სამაგიეროდ სასოწარკვეთილმა იუდამ თვითმკვლელობით დაამთავრა ცხოვრება და არ ითხოვა ღვთისაგან შენდობა.

            განვაგდოთ ჩვენგან სასოწარკვეთა. მოვიცილოთ იგი. განვიწმინდოთ ამ ცოდვისაგან გული და შევეგებოთ ქრისტეს, იმას, ვისი პირველი თაყვანისმცემლების უბრალო მწყემსები იყვნენ, მწყემსები, რომლებიც გამოირჩეოდნენ თავიანთი სუფთა და წრფელი გულით.

            წელსაც მოაწია ქრისტეს შობამ. მწყემსების მსგავსად ვისწრაფოთ მისკენ. უარვყოთ ჰეროდესეული მტრობა მისდამი. მერე რა რომ ცოდვებით დამძიმებულნი ვართ, შებილწულნი. განა ცხოველთა ბაგა იუკადრისა ღმერთმა?! ნუ შევშინდებით. იმედი ვიქონიოთ. ღმერთი არ გაგვწირავს. შემოვუშვათ ჩვენს გულში ქრისტე და იგი განგვიწმენდს გონებას, გაგვიხსნის ყურთასმენას და კვლავ გავიგონებთ ანგელოსთა გალობას: დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. ამინ!

            ყველას გილოცავთ ქრისტეს შობას!

            ახალციხე, 1995 წელი, იანვარი

          • 🔸2022წლის 27 დეკემბერს ნეკრესელი მიტრიპოლიტი სერგის ეპისკოპოსად კურთხევიდან 30 წელი შესრულდა.

          • 🔸 1992 წლის 21 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა არქიმანდრიტი სერგი ახალციხისა და სამცხე-ჯავახეთის ეპისკოპოსად გამოირჩია.

            🔸 მისი ეპისკოპოსად ხელდასხმა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში მოხდა 

            🔸 "არქიმანდრიტმა სერგიმ ასე დაიწყო თავისი სიტყვა:

            “თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, წმიდა სინოდის წევრნო მღვდელმთავარნო, მამანო, ძმანო და დანო.

            დღევანდელი დღე ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებულია და ჩემი განწყობილების გადმოცემა გამიჭირდება, მაგრამ ღმერთი, რომლის შემწეობამაც აქამდე მომიყვანა, ალბათ იმის ძალასაც მომცემს, რომ ნაწილობრივ მაინც გადმოგცეთ და გაგიზიაროთ ის, რასაც განვიცდი.

             

            თქვენო უწმიდესობავ, ჩემი ცხოვრების ამ მეტად საპასუხისმგებლო წუთებში მინდა გავიხსენო ჩემი პირველი შეხვედრა თქვენთან. 

             

            თქვენ წასასვლელად ემზადებოდით და ჩემს მისაღებად დრო არ გქონდათ, მაგრამ წასვლა გადაიფიქრეთ და მიმიღეთ. ამ შეხვედრისას თქვენ მითხარით, ღმერთს ძალიან უყვარხართო.

             

             მაშინ, მართალი გითხრათ, თქვენი სიტყვების აზრს ვერ ჩავწვდი და უფრო ამპარტავნებით მივიღე, ვიდრე მადლიერებითა და სიხარულით, მაგრამ შემდეგ, როცა სხვა თვალით შევხედე ცხოვრებას, ყოველდღიურად ვგრძნობდი და ვგრძნობ უფლის იმ ზღვარდაუდებელ სიყვარულს და წყალობას, რომლითაც იგი, მწყემსი კეთილი, ჩვენ, მისთა ცხოვართა, გვმწყემსავს.

             

            მინდა ერთი ჩემი საიდუმლოება გაგანდოთ. 

            ამ სიყვარულის შეგრძნებამ გამხადა ქრისტიანი და უფრო მეტიც, აღმიძრა სურვილი – სიყვარულითვე მეპასუხა, ხოლო როცა ვიგრძენი, რომ მე უღირსი ვერაფრით ვპასუხობდი უფლის სიყვარულს, გადავწყვიტე ჩემი ამქვეყნიური ცხოვრება და გრძნობები მისთვის შემეწირა.

             

            ღმერთს ვთხოვ, ამ ძნელ დროს მადლიერების ისეთი გრძნობა მომცეს, რომ სიცოცხლის ბოლომდე სიხარულითა და მოწიწებით მამსახუროს მისი სახელის სადიდებლად.

             

            ჩემი ცხოვრების გზაზე მრავალი განსაცდელი შემხვედრია, მაგრამ როცა კი მოთმინებითა და მორჩილებით მიმიღია, გაღებული მცირე მსხვერპლის სანაცვლოდ უფლისაგან ყოველთვის ათასჯერ მეტი სიხარული მომნიჭებია.

             

            მწამს, რომ ასევე იქნება ჩვენი ერის ცხოვრებაშიც, დღეს ყოველ ჩვენგანს ცხოვრება გვიხდება მძიმე განსაცდელის ჟამს, რომელიც თავს საკუთარი ცოდვებით დავიტეხეთ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ღვთის სახიერება უსაზღვროა და რომ მისთვის შეუძლებელი არაფერია “და რა ითხოვოთ სახელითა ჩემითა, იგი ვყო, რათა იდიდოს მამაჲ ძისა თანა” (იოანე 14,13) ამიტომ თუ ჩვენი სათხოვარი გულწრფელი იქნება და ჩვენი მსახურება თავდადებული, ღმერთი ჩვენსას აუცილებლად შეისმენს და სამაგიეროსაც უხვად მოგვაგებს.

             ამ მძიმე ჟამმა, რომელიც უფალმა დასასჯელად კი არა, გამოსაცდელად გამოგვიგზავნა, უნდა გამოგვწრთოს და განგვსწავლოს: “განგუსწავლენ ჩუენ, უფალო, გარნა სამართალითა და ნუ რისხვითა და გულისწყრომითა” (იერემია 10,24); ამ განსაცდელმა ჩვენს ერს მრავალი წლის მანძილზე დავიწყებული და უგულებელყოფილი უფალი და მისი მცნებები უნდა გაახსენოს, რადგან სწავლაჲ უფლისაჲ განაღებს ყურთა ჩემთა” (ესაია 50,5) ამიტომ თუ ჩვენ მას ღირსეულად ვიტვირთებთ და გავუძლებთ, ცოდვებისაგან განწმენდილნი დავით წინასწარმეტყველთან ერთად გავიმეორებთ: “კეთილ არს ჩემდა, რამეთუ დამამდაბლე მე” (ფსალმ. 118,17) 

            და რაც დაკარგული გვეგონა, ღვთისაგან ათმაგად დაგვიბრუნდება: “რომელი იგი მას ჟამსა არა ჩანს სიხარულისა მიზეზად, ხოლო უკანასკნელ ნაყოფსა მშვიდობისასა მისცემს მის მიერ გამოცდილთა მათ ცხოვრებად მათდა” (ებრ. 12,11).

             

            დიდია ღვთის განგება და ძალა, რომელმაც, თქვენო უწმიდესობავ, თქვენი წმიდა ლოცვებით გამომირჩია და სამცხე-ჯავახეთის უძველესი ეპარქიის მღვდელმთავრად დამადგინა. მე კარგად მესმის, რაოდენ დიდი პატივია ჩემთვის ვიწოდებოდე მღვდელ¬მთავრად იმ მხარისა, რომლის სახელიც ასე განაბრწყინეს იქ მოღვაწე წმინდა მამებმა; 

             

            მესმის ის პასუხისმგებლობა, რომელიც მე ღვთის, ერის და პირადად, თქვენო უწმიდესობავ, თქვენს წინაშე მაკისრია, მაგრამ ისევ და ისევ იმედი მაქვს ღვთის სახიერებისა, თქვენი წმიდა ლოცვებისა და ჩემი ხალხისა, რომელიც ისევე როგორც საფარის მონასტერში მოღვაწეობისას, ახლაც გვერდით ამომიდგება და მძიმე ტვირთის ტარებაში შემეშველება.

             

            თქვენი მამობრივი მზრუნველობით გარემოცული, მე ისეთი სიხარულით მივდივარ ახალციხეში, როგორც საკუთარ ოჯახში, რადგანაც მჯერა, რომ ქრისტიანობის უდიდესი ძალა სწორედ იმ სიყვარულშია, რომლითაც იგი ადამიანებს ღვთისა და ერთმანეთის სამსახურისათვის აერთიანებს. 

            მე მჯერა ისიც, თქვენო უწმიდესობავ, რომ ღვთის წყალობითა და თქვენი მესაჭეობით ერთსულოვნებით განმტკიცებული ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ქართველი ერის გაერთიანებასაც შეძლებს და მას ღვთისაკენ მიმავალ გზაზე დააყენებს.” (61, 1992, 12).

             

            #უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ დალოცა #მეუფე სერგი.

             

            “სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა.

            ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, თქვენო ყოვლადუსამღვდელესოებავ, მეუფე სერგი, ქრისტესმოყვარენო მღვდელნო, ბერნო და მონაზონნო, დანო და ძმანო.

             

            დიდ არს უფალი და საკვირველ არს განგება და საქმენი მისნი. ადამიანის გონება ვერ მიწვდება მის განგებასა და წყალობას. დღეს აღსრულდა ის, რაზეც ორასი წლის მანძილზე ოცნებობდნენ ჩვენი წინაპრები, – ერის საუკეთესო მოღვაწენი და კათოლიკოს-პატრიარქები, 

            ამ ორასი წლის მანძილზე საქართველოს დღეს პირველად ჰყავს სრულად მღვდელმთავართა დასი, რაც იმას ნიშნავს, რომ არცერთი ეპარქია არაა დარჩენილი მღვდელმთავრის გარეშე.

             

            დღევანდელი წირვა, გარდახდილი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, ნამდვილად ისტორიულია, რადგან დღეს აღსრულდა ის, რაც 21 დეკემბერს განაჩინა წმიდა სინოდმა და კურთხევითა ახალციხისა და სამცხე-ჯავახეთის ეპისკოპოსის სერგისა შეივსო სია ქართული ეკლესიის მღვდელმთავრებისა. 

             

            ეს არ არის უბრალო დამთხვევა, იგი ნიშანია ღვთის დიდი წყალობისა და მაჩვენებელი იმისა, რომ ერთადერთი გზა, რომელსაც გადარჩენისაკენ მივყავართ, ქრისტეს გზაა.

            საოცარია და რთული მე-20 საუკუნე, რადგანაც იგი აღსავსეა წინააღმდეგობებითა და მოულოდნელი მოვლენებით. 

            ჩვენ ისეთი მოვლენების მოწმენი გავხდით, რომელთაც ვერც კი წარმოვიდგენდით. საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა და ეს ოცნება ღვთის მადლით აგვიხდა, მაგრამ უფალმა ისიც გვაჩვენა, რომ თუ ქართველობა სულიერად არ ამაღლდა და ფერი არ იცვალა, გამოცხადებული დამოუკიდებლობა ცარიელ სიტყვადღა დარჩება. ჭეშმარიტ თავისუფლებას ის მოიპოვებს, ვინც თავისი თავის უფალი გახდება, ანუ საკუთარი ვნებების დამორჩილებით თავს დააღწევს ცოდვის ტყვეობას. ამიტომ ერის თავისუფლების პროცესი ყოველი ადამიანის განთავისუფლებით უნდა დაიწყოს. დღეს კი თავისუფლება აქვს ყველას და ყველაფერი შეუძლია: ძარცვა, ძალადობა, მკვლელობა. დღეს ქართველისათვის აღარაფერი დარჩა წმიდა და ხელშეუხებელი. იგი შეურაცხყოფს მღვდლებს, პატრიარქს და ეკლესიასაც კი. ეს ეშმაკის ტყვეობას ნიშნავს. თავისუფალი ისაა, ვინც ამ ბოროტ ძალას თავს დააღწევს და თავის გულსა და ვნებებს დაეპატრონება. ადამიანს ნამდვილად სჭირდება ვნებათა მომთოკავი სულიერი ძალა, სჭირდება მადლი ღვთისა – უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი უძლურნი ვართ და ყველას გვაქვს ნაკლი, მაგრამ რწმენაც უნდა გვქონდეს, რომ ეს ნაკლი განვიცადოთ. ამიტომაც ევედრება ღმერთს დიდი მოძღვარი ეფრემ ასური: მომანიჭე მე განცდაY თვისთა ცოდვათა.

             კაცი ცოდვებითა და უწესობით კი არ უნდა ამაყობდეს, არამედ ღმერთს უნდა სთხოვდეს განკურნებას და მხოლოდ ამ შემთხვევაში მოვა მასთან ყოველთა მკურნალი, საკუთარ ცოდვებზე თვალახელილი კაცი, სხვის გასაჭირსაც ადვილად დაინახავს და მოყვასისა და ღვთისაკენ სწრაფვით სულიერ ჯვარს შექმნის, რომლის გარეშეც ვერ მივა უფალთან და ვერ გახდება მკვიდრი სასუფევლისა. ამ სულიერი ჯვრის შესაქმნელადაა მოწოდებული ყოველი ადამიანი და მით უმეტეს მღვდელმთავარი.

             

            თქვენი ყოვლადუსამღვდელოესობავ მეუფე სერგი, დღეს უხვად გადმოვიდა თქვენზე მადლი სულისა წმიდისა, 

            დღეს თქვენ ხელი დაგადოთ არა მხოლოდ მღვდელმთავრებმა და მე, ცოდვილმა კათოლიკოს-პატრიარქმა, არამედ ზეციური საქართველოს მკვიდრმა მღვდელმთავრებმაც და პატრიარქებმაც, რომელთაც უხვად მოიწვიეს თქვენზე მადლი.

             ეცადეთ არ დაკარგოთ ეს მადლი, არამედ პირიქით, მიუმატოთ, ხოლო მოგემატებათ იმ შემთხვევაში, თუ ლოცვასა, მარხვასა და მოღვაწეობას გააძლიერებთ.

             

             ამასთანავე, გახსოვდეთ, რომ მადლი პირველ რიგში თავმდაბლებსა და მორჩილებს ეძლევათ. ამას ჩემი გამოცდილებიდანაც გეუბნებით, – ერთადერთი გზა, მიმავალი უფლისაკენ, თავმდაბლობა და მორჩილებაა. 

             

            თქვენი მოღვაწეობის გზაზე ბევრი გეყოლებათ ხოტბის შემსხმელიცა და შეურაცხმყოფელიც, მაგრამ ამას ნუ შეუშინდებით.

             

             როცა ქებას დაგიწყებენ, ეცადეთ, ამპარტავნება არ დაგეუფლოთ, ხოლო შეურაცხყოფამ სასოწარკვეთილებასა და მწუხარებაში არ ჩაგაგდოთ. ერთმა მორჩილმა მოძღვარს ჰკითხა, როგორ მოვიქცე, როცა მაქებენ და მაძაგებენო, მოძღვარმა ურჩია, წასულიყო სასაფლაოზე, ჯერ ექო და შემდეგ, ელანძღა მკვდრები. ასეც მოიქცა, როცა უკან დაბრუნდა, მოძღვარმა ჰკითხა: რა გითხრეს მიცვალებულთა, როცა აქებდიო, – არაფერიო, – უპასუხა მორჩილმა, როცა ლანძღავდიო? – ისევ არაფერიო. შენც ასე მოიქეცი და ცხონდებიო. თქვენც ასე მოიქეცით, მეუფეო სერგი და თავმდაბლობა გამოიჩინეთ არა მხოლოდ კათოლიკოს-პატრიარქისა და უფროსი მღვდელმთავრების წინაშე, არამედ თვით ყველაზე დიდი ცოდვილის წინაშეც კი. აი, ეს იქნება ჭეშმარიტი თავმდაბლობა, რომელიც გარეგნული ქცევის ნორმას კი არა, შინაგან სათნოებას წარმოადგენს.

             

            თქვენ იმ ეპარქიაში მიდიხართ მღვდელმთავრად, რომელმაც თქვენ, როგორც მოძღვარი, უკვე გაგიცნოთ და შეგიყვარათ საფარის მონასტერში მოღვაწეობის მანძილზე. ამ სიყვარულის დადასტურებაა ის, რომ დღეს აქ, სვეტიცხოველში გამართულ ისტორიულ წირვას, ბევრი მათგანი ესწრება. თქვენ მიდიხართ საქართველოს დიდებულ მხარეში, სადაც ოდესღაც ჰყვაოდა მაღალი სულიერი კულტურა. 

             

            დღეს ამ მხარეს უჭირს, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი დიდი წინაპრების ლოცვითა და შუამდგომლობით სამცხე-ჯავახეთს კვლავ დაუბრუნდება ძველი დიდება, იგი ხელახლა მოშენდება და მოძლავრდება. აი, ამ საშვილიშვილო საქმეში უნდა გამოჩნდეს, უპირველეს ყოვლისა, მღვდელმთავრის როლი, თქვენ უნდა იზრუნოთ ამისათვის. ჩვენ ისეთ დროში ვცხოვრობთ, როცა ეკლესიის მსახური თვითონ უნდა მივიდეს ხალხთან. თქვენ სრული წარმოდგენა უნდა გქონდეთ თქვენი ეპარქიის ყველა სოფელსა და ყველა ოჯახზე; უნდა იცოდეთ, ვინ რას აკეთებს, ვის რა უჭირს, ვინაა დაცემული და გზასაცდენილი.

            მე იმედი მაქვს, რომ სამცხე-ჯავახეთის ყველა სოფელში ამოქმედდება ეკლესია, კვლავ გაბრწყინდებიან ვარძიის, ზედა ვარძიისა და საფარისა და სხვა მონასტრები ბერ-მონაზონთა თავდადებული მოღვაწეობით.

            ღმერთი იყოს თქვენი მფარველი.

            ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.

            გეწეოდეთ წმიდათა მართალთა მამათა, რომელთა მოსახსენებელიცაა დღეს, და დიდთა წინაპართა ლოცვა. ამინ.” (61, 1992, 12).

          • საშობაო საჩუქრები

          • გიმნაზიაში მორიგი შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა,რომლის დასრულების შემდეგ მოსწავლეები ტკბილეულით დასაჩუქრდნენ.

            26/12/2022

          • გილოცავთ

          • ძვირფასო თანამშრომლებო, მასწავლებლებო, მოსწავლეებო, მშობლებო და გულშემატკივრებო

            ✨გილოცავთ! 

             ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 26 დეკემბრის სხდომაზე, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა.

            🕊️აღსანიშნავია, რომ გიმნაზიამ აღნიშნული პროცესი დაარსების დღიდან მესამედ წარმატებით გაიარა.

          • დღეს, 22 დეკემბერს ალექსანდრე ყაზბეგის გარდაცვალების 129 წელი შესრულდა.

          • მწერალი ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგი 1848 წლის 20 იანვარს სტეფანწმინდაში დაიბადა.

             

            მწერალი სტეფანწმინდაში აღიზარდა, ხევის მმართველის მიხეილ გაბრიელის ძე ჩოფიკაშვილისა და ელისაბედ თარხნიშვილის ოჯახში. მშობლებმა თბილისში ჯერ ჰაკეს (1859), შემდეგ კანონიჩის (1862) პანსიონს მიაბარეს. 1863 წლიდან სწავლობდა კლასიკურ გიმნაზიაში, 1867-1870 წ.წ. - მოსკოვის სამეურნეო აკადემიაში. სამშობლოში დაბრუნებულმა ხელი მიჰყო მწყემსობას, რამაც მისი ახლობლების დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. 1879 წლამდე მეცხვარედ იყო და ზედმიწევნით გაეცნო მოხევეთა ყოფას, გლეხი ხალხის სატკივარს, მეფის ხელისუფალთა და ხალხის ურთიერთობას. 1879 წელს თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. ამ დროიდან იწყებს აქტიურ მოღვაწეობას ქართულ მწერლობასა და თეატრში.

            ალ. ყაზბეგის ლიტერატურული ფსევდონიმი იყო „მოჩხუბარიძე" („აკაკია მოჩხუბარიძე"), თეატრალური - „მოხევე".

          • ინფორმაცია

          • ძვირფასო მოსწავლეებო და მასწავლებლებო 

             

            გაცნობებთ, რომ 22 დეკემბერს საახალწლო ღონისძიებასთან დაკავშირებით გაიმართება გენერალური რეპეტიცია. 

            დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ დამრიგებელს.

             

             

             

             

             

          • გასვლითი აქტივობა

          • საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის გასვლითი აქტივობა გიმნაზიის პროექტის "კულტურული მემკვიდრეობის" ფარგლებში.

             

            🍇თემა: "ქვევრის ღვინო-არამატერიალური კულტურული ძეგლი"

            გიმნაზიის მოსწავლეები ღვინის ქარხანას " ჯიერვი"-ს ესტუმრნენ.

             

            დაათვალიერეს ღვინის საცავი, მარანი ქვევრებით, ლაბორატორია, ჩამოსხმის ხაზი. 

            გაეცნენ საინტერესო ინფორმაციას ყურძნის მიღებიდან ღვინის ბოთლებში ჩამოსხმამდე.

             

            გასვლით შემეცნებით ტურს უძღვებოდნენ პედაგოგები თამარ ავაზაშვილი და უფროსი მასწავლებელი მანანა სეფაშვილი.

        • ასევე შეამოწმეთ EduPage მობილური აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია Android და iOS მოწყობილობებისთვის. მიიღეთ ყველა ინფორმაცია ჩვენი სკოლიდან პირდაპირ თქვენს მობილურზე.