მწერალი ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგი 1848 წლის 20 იანვარს სტეფანწმინდაში დაიბადა.
მწერალი სტეფანწმინდაში აღიზარდა, ხევის მმართველის მიხეილ გაბრიელის ძე ჩოფიკაშვილისა და ელისაბედ თარხნიშვილის ოჯახში. მშობლებმა თბილისში ჯერ ჰაკეს (1859), შემდეგ კანონიჩის (1862) პანსიონს მიაბარეს. 1863 წლიდან სწავლობდა კლასიკურ გიმნაზიაში, 1867-1870 წ.წ. - მოსკოვის სამეურნეო აკადემიაში. სამშობლოში დაბრუნებულმა ხელი მიჰყო მწყემსობას, რამაც მისი ახლობლების დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. 1879 წლამდე მეცხვარედ იყო და ზედმიწევნით გაეცნო მოხევეთა ყოფას, გლეხი ხალხის სატკივარს, მეფის ხელისუფალთა და ხალხის ურთიერთობას. 1879 წელს თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. ამ დროიდან იწყებს აქტიურ მოღვაწეობას ქართულ მწერლობასა და თეატრში.
ალ. ყაზბეგის ლიტერატურული ფსევდონიმი იყო „მოჩხუბარიძე" („აკაკია მოჩხუბარიძე"), თეატრალური - „მოხევე".